თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელების შტაბმა რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადება და მოთამაშეთა სასელექციო შეკრება დაიწყო. მატჩი 7 თებერვალს თბილისში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს „შევარდენის“ ბაზაზე შეუდგება. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.
„სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები“, – აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
მისივე თქმით, მზადება საკმაოდ რთულ პერიოდში უწევთ:
„გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა“, - აღნიშნა მაისაშვილმა.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი ჩატარდება ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების დასკვნითი ტურის ფარგლებში. თამაში გაიმართება 7 თებერვალს, 15:00 საათზე. თუმცა დღემდე არ არის ცნობილი - რომელ სტადიონზე. ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამასთან ცალსახაა, რომ კოვიდ-შეზღუდვების გამო მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო შეხვედრის ჩატარება 14 მარტს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მე-12-დ.
საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.
2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.
საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 579:269, ლელოს რაოდენობა კი - 66:16.