თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში (World Rugby) მე-12 ადგილი შეინარჩუნა.
ტურნირზე ქართული გუნდი ოთხჯერ დამარცხდა ოთხ მატჩში. ამის გამო მან 0,66 ქულა დაკარგა, მაგრამ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთა რეიტინგში მე-12 პოზიცია შეინარჩუნა. 72,18 ქულით ჩვენი ნაკრები ფიჯისა (76,87) და ტონგას (71,44) შორისაა.
World Rugby-ს რეიტინგის ლიდერი კვლავ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებია (94,20 ქულა). მეორე ადგილზეა ინგლისი (89,49), რომელიც „შემოდგომის ერთა თასის“ გამარჯვებული გახდა. მსოფლიო ლიდერების მესამე ადგილი კი ახალმა ზელანდიამ დაიკავა (88,95).
შემოდგომის ერთა თასზე საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა ინგლისთან (0:40), უელსთან (0:18) და ირლანდიასთან (10:23). მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ბრძოლაში კი ქართველმა მორაგბეებმა გამარჯვება ფიჯის ნაკრებს დაუთმეს (24:38).