თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ქართველი სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რათა ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეების სწავლის საფასური გაუთანაბრდეს ამავე ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურს.
პარასკევს ზურაბიშვილმა ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გათანაბრება ევროპარლამენტს სთხოვა. სალომე ზურაბიშვილმა თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს – რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს.
აღნიშნულ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტმა არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა და საკითხზე მუშაობის მზაობა გამოთქვა.
სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში ვიზიტისას შეხვდა. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრისას ძირითადი ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებული პანდემიის თემას, მასთან ბრძოლის გზებს, კოვიდსოლიდარობასა და ვაქცინის გამოყოფის საკითხს.
ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან. კერძოდ, პრეზიდენტი უკვე შეხვდა და შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.