თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ჯართის მიმღებ პუნქტზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს და 6 ადამიანი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 18 იანვარს თავს დაესხნენ პუნქტის ორ თანამშრომელს, რომლებიც ობიექტის ტერიტორიაზე მდებარე ვაგონში იმყოფებოდნენ, და იარაღის მუქარით წაართვეს 2 ათასი ლარი, მობილური ტელეფონები, საათები და ვერცხლის ყელსაბამი.
თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ასაკი 20-დან 23 წლამდე მერყეობს.
პოლიციამ თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავა >>
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.