12:16 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
135 0 0

ინდოეთის მოქალაქეს ბრალი ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და ქურდობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. პოლიციამ თბილისში კიბერდანაშაულისთვის 24 წლის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, დაკავებულს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერი მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება ედება ბრალად.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებ-გვერდის მსგავსი, ყალბი ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა.

„ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი საბანკო ანგარიშიდან 9 500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა. მან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი 6 084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები და საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვებასა და უკანონოდ გამოყენებას, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი თემები