თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ცნობად მიიღო აშშ-ის ახალი სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ, ბერლინის პოზიცია პროექტთან დაკავშირებით უცვლელია, განაცხადა გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე მარტინა ფიტცმა. იუწყება РИА Новости.
„ჩვენ ცნობად მივიღეთ ბოლო მოვლენები (სანქციები „ფორტუნას“ წინააღმდეგ, - რედ.). ჩვენი პოზიცია ექსტერიტორიულ სანქციებთან დაკავშირებით უცვლელია, ეს არაერთხელ განგვიცხადებია. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებასთან დაკავშირებით პოზიცია იგივე რჩება - ეს ეკონომიკური პროექტია. აქტუალური სიტუაციისა და შემდგომი გეგმების შესახებ კითხვები უნდა გაიგზავნოს პროექტის ოპერატორებთან“, - განაცხადა მან ოთხშაბათს ბრიფინგზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეა ზასეს სიტყვებით, ოფიციალურ ბერლინს სანქციების თაობაზე ბერლინში აშშ-ის საელჩომ აცნობა ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას, ასევე, შესაბამისი უწყება მიიღო ვაშინგტონში გერმანიის საელჩომ.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე.
პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“. ევროპელი პარტნიორები - Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall - მშენებლობას ნაწილობრივ - თითოეული მათგანი 950 მლნ ევროთი - აფინანსებდნენ.
აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობს, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.
გასულ დეკემბერში Nord Stream 2 AG-მა მოახერხა მილების გაყვანის სამუშაოების განახლება გერმანიის ეკონომიკურ ზონაში ხომალდ „ფორტუნას“ გამოყენებით.