თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო, იუწყება თბილისის მერია.
ამ ეტაპზე, მთავარი ნაძვის ხისა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან 21 იანვრის 07:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
წელს თბილისში საახალწლოდ ულამაზესი ილუმინაციები დამონტაჟდა. მიუხედავად იმისა, რომ 21:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებდა, ქალაქის მცხოვრებლები მაინც ჩერდებოდნენ საახალწლო ინსტალაციებთან და მათ ფონზე სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.