რუსეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი: ლავროვმა 2020 წლის შედეგები შეაჯამა

© photo: Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ორშაბათის პრესკონფერენციაზე 2020 წლის შედეგები შეაჯამა

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში, ურთიერთობა აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან და რუსი ჟურნალისტების დევნა ლატვიაში - რუსეთის მთავარმა დიპლომატმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

ყარაბაღი საიდუმლოს გარეშე

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება, რომელმაც წერტილი დაუსვა მთიან ყარაბაღში ექვსკვირიან საბრძოლო მოქმედებებს, არ შეიცავს არავითარ საიდუმლო დანართებს, განაცხადა ლავროვმა.

„არავითარი საიდუმლო დანართები არ არსებობს. ვერც ვხედავ, რა თემები შეიძლება იყოს რაღაც „საიდუმლოს“ საგანი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს არც კი უფიქრია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება და მისი შეყვანა რუსეთის შემადგენლობაში.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
შეიერთებს თუ არა რუსეთი ყარაბაღს: ლავროვი კომენტარს აკეთებს

„რაც შეეხება იმ ეგზოტიკურ წინადადებას, რომ მთიანი ყარაბაღი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს... რამდენადაც მესმის, ყარაბაღის დამოუკიდებლობა არავის უღიარებია, მათ შორის, არც თავად სომხეთის რესპუბლიკას —ასეთი რამ აზრადაც არ მოგვსვლია. ჩვენ იმით ვხელმძღვანელობთ, რომ ამ რეგიონის ყველა საკითხი რეგიონის ქვეყნებს შორის, პირველ რიგში კი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ლავროვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გასული წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა,  რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე დარჩნენ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ, რომლებიც მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდნენ. გარდა ამისა, სომხეთი ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონის დათმობაზე დათანხმდა. მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლის პროცესი.

რას შეიძლება ველოდოთ ბაიდენისგან?

ლავროვმა განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობებზე აშშ-ის ყოფილი ლიდერის, ბარაკ ობამას ეპოქის დიპლომატების წამოყენება მოსკოვსა და ვაშინგტონს შესაძლებლობას აძლევს, მოლაპარაკებები წინასწარი „შემზადების“ გარეშე დაიწყონ.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტების უხეში დევნა: სერგეი ლავროვმა „Sputnik–ლატვიას“ ჟურნალისტების საქმეზე ისაუბრა

„ნაცნობი ხალხია. ეს, ერთი მხრივ, შემხვედრი სურვილის არსებობის შემთხვევაში, რუსულ-ამერიკულ დღის წესრიგთან დაკავშირებით იმ მრავალრიცხოვან წინადადებებზე რეაგირების სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ და რომლებიც კვლავ მაგიდაზეა, დიდი შესვენებისა და „შემზადების“ გარეშე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას იძლევა. მეორე მხრივ კი - საშუალებას გვაძლევს, მიახლოებით წარმოვიდგინოთ, რა ხაზს გაატარებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური გუნდის ძველი ახალი წევრები. მით უფრო, რომ თავად დიდად არც მალავენ თავიანთ ჩანაფიქრებს, გეგმებს რეგულარულ ინტერვიუებში, სტატიებსა და ყველა იმ რეკომენდაციაში, რომელიც შეერთებული შტატების მთავარ ანალიტიკურ ცენტრებში, მათ შორის, ატლანტიკურ საბჭოსა და სხვა სტრუქტურებში ისმის“, - აღნიშნა რუსმა მინისტრმა.

ლავროვი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეიარაღებაზე კონტროლის სპეციალისტია.

„დაველოდოთ, თავად ჯო ბაიდენიც განიარაღების სფეროს, შეიარაღებაზე კონტროლის სფეროს სპეციალისტია. ვფიქრობ, ის დაინტერესებული იქნება, რომ ჰყავდეს პროფესიონალური და არა პროპაგანდისტული გუნდი“, - ხაზი გაუსვა მან.

ლავროვის აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის, რომ რუსეთი მზადაა სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობისთვის.

სტრატეგიული შეიარაღების შესახებ მე-3 შეთანხმებას რუსეთსა და აშშ-ს შორის 2011 წლის 5 თებერვალს მოეწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, ყოველი მხარე თავის ბირთვულ არსენალს ამცირებს იმგვარად, რომ შვიდი წლის შემდეგ და მომავალში შეიარაღების ჯამური ოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, ბალისტიკურ რაკეტას წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე; ასევე, 1550 საბრძოლო ნაწილს და 800 გამშვებ დანადგარს. ამჟამად სტრატეგიული შეიარაღების შესახებ მე-3 შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ერთადერთი მოქმედი ხელშეკრულებაა, თუმცა მას ვადა 5 თებერვალს ეწურება. თუ ის არ გაგრძელდება, მსოფლიოში აღარ იარსებებს არცერთი შეთანხმება, რომელიც უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოთა არსენალს შეზღუდავს.

მშვიდობიანი წვრთნები

რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო წვრთნები არ არის მიმართული იაპონიის წინააღმდეგ, მათი მიზანია იმ ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებს იცავს, განაცხადა ლავროვმა.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას იაპონიასთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა ძალიან სასიკეთოა. ურთიერთობები ყოველთვის მეგობრული იყო, ყოველთვის არსებობდა რუსეთის პრეზიდენტისა და მისი იაპონელი კოლეგების, პრემიერ-მინისტრების პირადი სიმპათიები“, - აღნიშნა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
სერგეი ლავროვი: იმედი გვაქვს, რომ ბაიდენის გუნდი მოსკოვთან თანამშრომლობას არჩევს

როგორც ლავროვმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, პრემიერ იოშიჰიდე სუგასთანაც მოსკოვს პირადი კონტაქტები ჩამოუყალიბდება.

„თუ რეგიონში სამხედრო სიტუაციაზე ვისაუბრებთ, დიახ, ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთობლივი სამუშაოთი ვართ დაკავებული, მათ შორის, სამხედრო წვრთნების სახითაც. რუსეთ-ჩინეთის წვრთნები - ეს პრინციპულად ახალი არ არის - სახმელეთო სწავლებაც რამდენჯერმე ჩატარდა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატშიც და ორმხრივ ფორმატშიც. ახლა წვრთნები საჰაერო-კოსმოსური ძალების ხაზით იყო. ისინი არ არის მიმართული იაპონიის წინააღმდეგ, უბრალოდ გამიზნულია ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრების უსაფრთხოებას იცავს“, - აღნიშნა მინისტრმა.

„მასმედიის თავისუფლება“ ლატვიაში

ლატვიაში Sputnik-ისა და Baltnews-ის ჟურნალისტების ირგვლივ ვითარებაზე საუბრისას ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აუცილებლად აამოქმედებს საერთაშორისო მექანიზმებს ამ ვითარების მოსაგვარებლად.

„ჩვენ უბრალოდ სადღაც კი არ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნაციონალური კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებების მსგავსი უხეში დარღვევები. აუცილებლად უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო მექანიზმები. ჩვენ წარდგენა გავაკეთეთ გაეროშიც, ეუთოშიც და ევროპის საბჭოშიც და ამგვარ მუშაობას განვაგრძობთ...“, - ხაზი გაუსვა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში მასმედიის თავისუფლების დარღვევის უდავო მტკიცებულებები არსებობს.

„ნამდვილი ჩაგვრა“: ალა ბერეზოვსკაია ლატვიაში რუსულენოვანი ჟურნალისტების დაკავების შესახებ - Sputnik საქართველო
„ნამდვილი ჩაგვრა“: ალა ბერეზოვსკაია ლატვიაში რუსულენოვანი ჟურნალისტების დაკავების შესახებ

„როდესაც მასმედიის თავისუფლების უხეში დარღვევის უდავო ფაქტები გვაქვს ხელთ, თანაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მუქარით, ის მექანიზმები, რომლებიც გაეროს უფლებადაცვით ფორმატებში არსებობს... ვერ გაამართლებს იმას, რასაც თქვენ მიმართ სჩადიან“, - დასძინა მინისტრმა.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, შვიდი რუსულენოვანი ლატვიელი ჟურნალისტი, მათ შორის, Baltnews-ისა და Sputnik–ლატვიას თანამშრომლები, 2020 წლის დეკემბერში დააკავეს. მათ ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევაში დასდეს ბრალი. ჟურნალისტების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, რის შემდეგაც მათ გაუთქმელობისა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილები ჩამოართვეს. ბრალდებები წარუდგინეს ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 84-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს „გაეროს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის“. Sputnik.Латвия და Baltnews დაკავშირებულია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან.

ყველა ახალი ამბავი
0