თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით ჩაირთო. ამის შესახებ Gudauri.ski-ს სათხილამურო კურორტის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.
მგზავრებს, რომლებიც უამინდობის გამო კობში არიან ჩარჩენილი, გუდაურში საბაგიროთი გადაიყვანენ.
„მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო, ჩაირთო და იმუშავებს 17:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მგზავრობა უფასოა. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა - 40 წუთია, აღნიშნულია განცხადებაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან აკრძალულია. გზაზე ტრაილერების 10 კილომეტრიანი რიგი დადგა.