თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი აღარ აპირებს კონსულტაციები გაუწიოს მმართველ გუნდს, ამის შესახებ მან „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია ეთერში 22:30 საათზე გავა.
ივანიშვილის განცხადებით, იგი წყვეტს საჯარო საქმიანობას და არ გამორიცხავს, რომ „პირველი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუ, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს.
„აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროობას ვწყვეტ და, ალბათ, თქვენთვის მოცემული ინტერვიუ ბოლო იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე. რატომ მივდივარ? თუ ისევ დაბრუნება მიწევს, ე.ი. რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, მაშინ რატომ უნდა დავბრუნდე? ასე არ არის? ეს მარტივი თემაა. ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს – არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი ნახა, მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც. უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე არ გამორიცხა უახლოეს ოთხ წელიწადში ახალი „ჯანსაღი“ ძალის დაბადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მემკვიდრე იქნება და რომელიც უფრო ნიჭიერი პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.
გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მანამდე კი მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.
ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა გამოცემა Entrepreneur-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, 1,5 მლრდ დოლარი, როგორც იგი აფასებს აღნიშნულ ქონებას, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.