„ქართული ოცნება“ ივანიშვილის გარეშე – პოლიტიკოსების პირველი რეაქციები

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაქცევა, სისუსტე და უპასუხისმგებლობა თუ დროულად წასვლისა და ძალაუფლებაზე უარის თქმის უნარი? რას ფიქრობენ ივანიშვილის წასვლაზე მისი მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. „ქართული ოცნებიდან“ პარტიის დამფუძნებლის წასვლის შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზე გადადის – ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„მისია შესრულებულია“: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

„პოლიტიკიდან წასვლით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო“, – განაცხადა კობახიძემ.

მან პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლას სერიოზული გამოწვევა უწოდა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადმოდის გუნდზე და თითოეულ ჩვენგანზე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ მისი დაწყებული საქმე“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში „დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი“ უზრუნველყო.

„დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი არ უნდა იყოს... ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ვფიქრობთ, ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ასეც იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის აზრით, ივანიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის.

„არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია – მუდმივად დარჩეს პოლიტიკაში. ავტოკრატიისკენ და ტირანიისკენ მიმართული მიდგომაა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც ჰქონდა 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებას და მათ ლიდერებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„გვახსოვს, როგორ „წავიდა“ ერთხელ“ - ოპოზიცია

„ქართული ოცნება“ არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს საერთოდ – ასე აფასებს მმართველი პარტიის ლიდერის წასვლას პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ვინ ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნებაში“

გოცირიძის აზრით, ივანიშვილი ნამდვილად წავა პოლიტიკიდან, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ახლა კი ეს სხვა არაფერია, თუ არა მორიგი „ტრიუკი“, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.

„გვახსოვს, როგორ „წავიდა” ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ დაეშალა პარტია. ვერ გაინაწილეს ფული და გავლენები და ატყდა შიდა ომი, მერე იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩარეულიყო“, – განაცხადა გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი არსად მიდის, არამედ უბრალოდ კულუარულ მმართველობაზე გადადის.

„ეს უკვე გამოსცადა პანდემიის პირობებში. კვლავ ვიხილავთ შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობებს, დაბურული მანქანებით ვიზიტებს და ა.შ. ეს ნაცნობი სურათია. დღეს არსებული არაფორმალური სისტემა ვერ მუშაობს ივანიშვილის გარეშე... „ქართული ოცნება” არსებობს ან ივანიშვილთან ერთად, ან არ არსებობს“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ივანიშვილის გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ შეაფასა როგორც გაქცევა.

„ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერზე პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს და „ქართულ ოცნებას“, დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

სისუსტე და უპასუხისმგებლობა – ასე შეაფასა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც მილიარდერი ქვეყანას 8 წელიწადი მართავ და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს პრაქტიკულად 2,5-ჯერ განიცადა დევალვაცია ეროვნულმა ვალუტამ, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო“, – აღნიშნა უგულავამ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისთვის ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ივანიშვილი აპირებდა მსგავსი წერილის გამოქვეყნებას, რომელიც, ბურჯანაძის აზრით, „სავსეა სიყალბით“.

„ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის სიყალბე, რომელშიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გამო ვცხოვრობთ. ახლა ძალიან მინდა შევხედო იმ ადამიანებს, ვინც 31 ოქტომბერს ხმას ბიძინა ივანიშვილს აძლევდა... ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილმა ხომ მოატყუა?“ – აცხადებს ბურჯანაძე.

ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გიორგი გახარია გამოეხმაურა

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. თუმცა ახლა ის ამას აკეთებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების გზით მოიგო.

2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.

ერთ წელიწადში ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

ბიძინა ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

ყველა ახალი ამბავი
0