თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ორშაბათს, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს. თავისი გადაწყვეტილება მან ღია წერილით გაახმოვანა.
„ყველაზე მნიშვნელობანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც, შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობის მესამედი უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს – მართოს ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი იყო, ამ რვა წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი იქნა მიღწეული.
„ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, სამართალდამცველი სისტემის მუშაობა, ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური განვითარება. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ქართულმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ.
„მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში, რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა“, – აღნიშნა გახარიამ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ რვა წლის განმავლობაში იქნა მიღწეული და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიაღწია, ეს არის აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციული საარჩევნო სისტემით.
„ეს არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ესეც, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დამსახურებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის და კერძო ცხოვრებას უბრუნდება.