თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. 19 წლის ქართველი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს – საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძეს და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების 1000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა პირიდან ხსენებული სამი პირი ბრალდებულია ძალადობაში (აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდი), ასევე უმნიშვნელო ფიზიკური დაზიანების განზრახ მიყენებაში, ხოლო დანარჩენებს ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
ორშაბათს, 11 იანვარს სამედიცინო კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი და მკვლელობამდე მის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.
დღეისათვის შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად არის დაყოფილი: მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბების ეპიზოდები არასრულწლოვანთა მონაწილეობით (მათ მიმართ განაჩენი უკვე გამოტანილია), ჩხუბების სამი ეპიზოდი სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ ფეხბურთელის მკვლელობა.
საქმეზე სულ 17 ადამიანის დაკავება მოხდა. უშუალოდ მკვლელობის ნაწილში 17-დან ხუთი ბრალდებული ფიგურირებს, აქედან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების ვერსიით, მათ შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო.