საქმეების ნაწილი უკვე გამოძიებულია და ბოლომდეა მიყვანილი, ნაწილი კი ჯერჯერობით კვლავ დაუსრულებელია.
„Sputnik საქართველო“ ყველაზე რეზონანსული საქმეების შესახებ მოგითხრობთ.
ივნისი: გიორგი შაქარაშვილი
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 19 ივნისს გავრცელდა. ქვეყანა რამდენიმე დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს ახალგაზრდა კაცის ძებნის საქმეს. საბოლოოდ მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს მაშველებმა 22 ივნისს.
ათობით ვერსიამ, 17 დაკავებულმა, მოწმეთა ცრუ ჩვენებებმა და ასობით ათასი ადამიანის მწუხარებამ და თანაგრძნობამ ეს საქმე ყველაზე რეზონანსულად აქცია 2020 წელს.
გამოძიების ვერსიით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და ორი არასრულწლოვანი - ზ.ხ. და ა.კ არიან დამნაშავეები. 19 ივნისს მათ სასტიკად სცემეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, მერე კი, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ჯერ ისევ ცოცხალი გადააგდეს მდინარეში.
სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე 2020 წელს ხუთი იმ არასრულწლოვანისთვის მოასწრო განაჩენის გამოტანა, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედებოდათ ბრალი. მათ სხვადასხვა ვადით აღეკვეთათ თავისუფლება.
დანარჩენი ბრალდებულები ჯერ ისევ ელოდებიან განაჩენს.
ივნისი: მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე
2020 წლის 30 ივნისს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულის სასტიკად დასჯა განიზრახა. გვიან საღამოს მან ძალით გაიყვანა სახლიდან გოგონა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა მას, ბოლოს კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ამის შემდეგ , 23 წლის ახალგაზრდა დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, ხოლო 24 წლის მსხვერპლი გოგონა შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში. მას სხეულის 37% ჰქონდა დამწვარი.
პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა კახეთში, სოფელ პატარძეულში. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ახალგაზრდა კაცი ბრალს არ აღიარებდა და იმედიც კი ჰქონდა, რომ 20 ათასი ლარის გირაოთი გამოვიდოდა გარეთ. მაგრამ ეს არ მოხდა და ახლა ის ციხეში ელოდება განაჩენს.
რაც შეეხება დაშავებულ გოგონას, ის დღემდე გადის რეაბილიტაციის კურსს.
ივლისი: ილია ფილფანი
18 ივლისის დილით ილია ფილფანი ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა შინიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. ბიჭი ალმათიდან არდადეგებზე ჩამოვიდა საქართველოში და სვანეთში ნათესავებთან სტუმრობდა.
მოზარდის გაუჩინარების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 19 ივლისს შევიდა. მას შემდეგ ილია ფილფანი არავის უნახავს. გამოძიება აქამდე გრძელდება. მუშავდება ყველა შესაძლო ვერსია, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
ილიას მშობლებმა ჯილდოც კი დააწესეს 50 ათასი ლარი ნებისმიერი ცნობისთვის. აქამდე მიღებული არცერთი ინფორმაცია, რომლებსაც მშობლები რეგულარულად იღებდნენ, რომ ილიას მსგავსი ბიჭი შენიშნეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, არ დადასტურებულა.
ივლისი: თამარ ბაჩალიაშვილი
კიდევ ერთი შემთხვევა, რომელმაც საქართველო შეძრა, ეს 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი იყო, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს 22 ივლისს საკუთარ მანქანაში - თბილიდან 65 კილომეტრში, თეთრიწყაროს რაიონში.
გამოძიების პირველ დღეებში ბაჩალიაშვილის ოჯახს საკუთარი ვერსიები ჰქონდა და ყველანაირად უარყოფდა თვითმკვლელობის ვერსიას.
მედიასაშუალებებში ხშირად ჩნდებოდა სკანდალური განცხადებები, რომ თითქოს ბაჩალიაშვილმა შემთხვევით აღმოაჩინა საიდუმლო ფაილები და ამიტომ ძალოვანმა სტრუქტურებმა „მოიშორეს“. თუმცა არცერთი ვერსია არ დადასტურდა.
გამოძიების პროცესშ დაიკითხა 600 ადამიანი, ჩატარდა ათობით ექსპერტიზა, რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი, დამუშავდა და გაანალიზდა ასობით საათიანი ვიდეოჩანაწერები, სატელეფონო ოპერაციები, აღადგინეს და შეისწავლეს თამარის პირადი ტელეფონისა და კომპიუტერის მთელი ინფორმაცია.
გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობდა: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“. მაგრამ დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც გამოძიების დეტალები გამოაცხადა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალზებაზე საქმე დახურა. დადგინდა, რომ თამარმა თავი მოიკლა.
აგვისტო: მამის ნაწამები მოზარდი
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 23 აგვისტოს 11 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს. წინასწარი ვერსიით, ბიჭმა, რომელმაც ვერ გაუძლო მამის მხრიდან სისტემატურ აბუჩად აგდებას, თავი ჩამოიხრჩო საკუთარ ეზოში მდგარ ხეზე.
პოლიციამ მამაკაცი მაშინვე დააკავა. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოძიებამ შოკისმომგვრელი დასკვნა გამოიტანა: მამა არაადამიანურად ეპყრობოდა შვილს.
ნასვამი კაცი სცემდა ბავშვს, ემუქრებოდა სახლისა და მისი საყვარელი ნივთების დაწვით. გარდა ამისა, ის ასევე ემუქრებოდა ცოლსაც, რომელიც ათიოდე წლის წინ წავიდა უცხოეთში სამუშაოდ, რათა ოჯახი ერჩინა. მამაკაცი გამუდმებით მოითხოვდა ცოლისგან სულ უფრო და უფრო მეტ ფულს და ქალს შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
მამაკაცს სამი მუხლით წარედგინა ბრალდება: „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, „სისტემატიური ძალადობა და ოჯახის წევრის დამცირება არასრულწლოვანის თანდასწრებით“ და „არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობა“.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე მოსმენები 2021 წელს გაგრძელდება.
აგვისტო: კლუბ „ბაუჰაუსიდან“ მტკვარში
15 აგვისტოს ბარ „ბაუჰაუსის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია ორი ახალგაზრდა თანამშრომლის გაუჩინარების შესახებ. პოლიცია და მაშველები ორი დღე ეძებდნენ დაკარგულებს.
გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს დილით გაუჩინარდნენ. მათ გამთენიისას დაასრულეს მუშაობა და ერთად გავიდნენ ბარიდან ისე, რომ პირადი ნივთები - ჩანთა, მობილური ტელეფონი და საფულე არ წაუღიათ.
ბოლოს ახალგაზრდები იუსტიციის სახლის მახლობლად შენიშნეს.
მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე საღამოს მიიღო.
17 აგვისტოს მყვინთავებმა მდინარე მტკვარში, სწორედ იუსტიციის სახლის მახლობლად იპოვეს ჯერ გიორგი შალამბერიძის ცხედარი, შემდეგ კი ბაია ბერუაშვილისაც. თავიდან გამოძიება „თავისუფლების არაკანონიერი აღკვეთის“ მუხლით დაიწყო, თუმცა საქმე მალევე დაიხურა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.