საქართველოში საშობაო ალილო უჩვეულოდ ჩატარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაშობაო ალილო პანდემიის დროს თბილისში
საშობაო ალილო პანდემიის დროს თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გამო ტრადიციული საშობაო ალილო არ გაიმართა, თუმცა სასულიერო პირებმა ქვეყნის დიდ ქალაქებს ავტოკოლონით შემოუარეს და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოში ტრადიციული საშობაო ალილო არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე განსხვავებულად, დაწესებული რეგულაციების მიხედვით ჩატარდა.

ფეხით მსვლელობის ნაცვლად თბილისში სასულიერო პირები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. საშობაო ნობათის მიტანა მსურველებს რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ სპეციალური კარავში შეეძლოთ. სასულიერო პირებმა და მახარობლებმა შეგროვებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაარიგეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაშობაო საჩუქრები ალილოზე
საქართველოში საშობაო ალილო უჩვეულოდ ჩატარდა - Sputnik საქართველო
საშობაო საჩუქრები ალილოზე

გორში ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მხოლოდ სასულიერო პირებმა მიიღეს. არ ყოფილა ბაირაღები და საშობაო საგალობლები. ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქალაქის ქუჩები აკურთხა, მრევლს ერთობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველა განსაცდელის დაძლევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.

განსხვავებული იყო წლევანდელი ალილო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაშიც. ყველა ტაძრიდან მოძღვრებმა სტიქაროსნებისა და მგალობლების ათ-ათ კაცამდე ჯგუფებით, მრევლის გარეშე გამართეს მსვლელობა. ეპარქიის გადაწყვეტილებით, გაუთვალისწინებელი ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად ქრისტეშობის მახარობლები მოსახლეობას არ შეხვდნენ. მსურველებს საშობაო ნობათის დატოვება ტაძრებში შეეძლოთ.

არც ზუგდიდში გაიმართა ტრადიციული ალილო. ეპარქიის მღვდელმსახურებმა ქალაქი შემოიარეს და ქუჩები აკურთხეს.

საშობაო წირვა - Sputnik საქართველო
საშობაო ლიტურგიაზე სამების საკათედრო ტაძარში დისტანცია დაცული არ იყო

ქუთაისში კი სასულიერო პირები ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბნენ და ნობათები შეაგროვეს. მათ დღის განმავლობაში ავტომობილებით ქუჩები შემოიარეს და შეგროვებული ნობათი მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებს დაურიგეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliალილო თბილისში
საქართველოში საშობაო ალილო უჩვეულოდ ჩატარდა - Sputnik საქართველო
ალილო თბილისში

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.

საქართველოში „ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა – მოქალაქეები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.

ყველა ახალი ამბავი
0