თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში მყოფი მრევლი საშობაო ლიტურგიის დროს მაქსიმალურად ცდილობდა დისტანციის დაცვას, მაგრამ ხალხმრავლობის გამო მეტრ-ნახევრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა, განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას.
რამდენიმე დღით ადრე, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქომ მორწმუნეებს მოუწოდა, ტაძრებში იარონ პირბადით და დაიცვან მეტრ-ნახევრიანი დისტანცია, ხოლო იმან, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს, ეკლესიაში მისვლისგან თავი შეიკავოს. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.
მიტროპოლიტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციის დაცვა ტაძარში ვერ ხერხდება, სამღვდელოება საზოგადოებას ვერ მოუწოდებს – ეკლესიაში მივიდეს თუ არა. ამასთან ერთად ის მორწმუნეებს ამხნევებს და აცხადებს, რომ ეკლესიიდან კორონავირუსის გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა.
„ჩვენ ვერასდროს ვეტყვით ადამიანს, რომ ეკლესიაში არ მოვიდეს. ეკლესია ის ადგილია, სადაც არავინ არავის ეუბნება – მოვიდეს თუ არა. პირბადეები ყველას ეკეთა და მაქსიმალურად ცდილობდნენ დისტანციის დაცვას, მაგრამ არ ხერხდება მეტრ-ნახევარ მანძილზე დისტანცია. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მოვიდა. აღდგომის წირვიდან მოყოლებული, ვირუსის ეკლესიიდან გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა“, — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან რამდენიმე სასულიერო პირი გარდაიცვალა. პანდემიის გამო გაუქმდა ტრადიციული სახალხო მსვლელობები ასი ათასი მოწამის ხსოვნის დღეს და საზეიმო მსვლელობა „ალილო“.
სამების ტაძრის ორ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა >>
პანდემიის დაწყებისთანავე ეკლესიამ მთავრობის რეკომენდაციით სპეციალური წესები დააწესა. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემებით აღჭურვა, რათა მრევლს გარეთ ყოფნა და დისტანციის დაცვა შეძლებოდა.