თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ბორჯომში სამართალდამცველებმა შვილის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის ქალი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა 41 წლის შვილს თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დედა ბორჯომში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შვილი დედაზე სისტემატურად ძალადობდა და ტრაგედიის მიზეზიც, სავარაუდოდ, ეს გახდა.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.