თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ცნობილ ქართველ ექიმებს ლევან რატიანსა და ალექსანდრე გოგინავას ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ, აღნიშნულია ფოთის მერიის განცხადებაში.
ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ასე გამოხატა თავისი მადლიერება ფოთელების მიმართ, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის საგანგებო პირობებში ქვეყანას უანგარო სამსახური გაუწიეს.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია ონლაინ–რეჟიმში გაიმართა, მას ქალაქის მერის გარდა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
„სწორედ ასეთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ამ პანდემიური ვითარებისას არის საიმედო ხელში. გვეამაყებით, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს – 2021 წელს ამ ვერაგი ვირუსის დამარცხებას“, – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.
რატიანი: ვერ გეტყვით, როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში>>
ანესთეზეოლოგ-რეანიმატოლოგი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე გიმნაზიის კურსდამთავრებულია. ის ასევე კითხულობს ლექციებს სტუდენტებისთვის. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი 1988 წელს ქალაქ ფოთში, ცნობილი ექიმის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა. სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო.