ოპოზიციონერი დეპუტატების ფული: ვინ როგორ განკარგავს დარიცხულ ხელფასს

© photo: European Georgia / FBდავით ბაქრაძე თავისი ხელფასით გაჭივრებულებს ეხმარება
დავით ბაქრაძე თავისი ხელფასით გაჭივრებულებს ეხმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა თებერვლამდე გადადო მანდატების გაუქმების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების განხილვა, მანამდე კი დეპუტატებს ხელფასებს გადაუხდიან. ოპოზიცია დილემის წინაშეა - როგორ განკარგოს ანაზღაურება?

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებისთვისაც საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს ჯერ არ შეუწყვეტია უფლებამოსილება, პირველი ანაზღაურება ჩაერიცხათ.

მაგრამ რეაქცია ყველას განსხვავებული ჰქონდა. 60 დეპუტატიდან 54-მა პროტესტის ნიშნად უკვე დაწერა განცხადება დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. ისინი უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

ვინ და როგორ განკარგა არცთუ პატარა (ოთხი ათას ლარზე მეტი) პირველი ხელფასი.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაწყვიტა, დეპუტატის ხელფასი ქველმოქმედებაში დაეხარჯა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საახალწლო საჩუქრები შეიძინა.

პარტიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულია ამ ერთგვარი საქველმოქმედო აქციის ამსახველი ფოტოები და ვიდეო.

ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო
თქვენი ფული არ გვჭირდება – პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელფასი უკან დააბრუნა

როგორც ბაქრაძე განმარტავს, მანამ სანამ „ქართული ოცნება“ მას დეპუტატის ანაზღაურებას გადაუხდის, ის თანხას საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებს.

„ქართული ოცნება“ ჯერ არ აპირებს დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, ამიტომ დეკემბრის თვეში, როგორც მოქმედ დეპუტატს, დამერიცხა ხელფასი და ჩემი სურვილი და განზრახვა იყო, ისევე როგორც მთელი ოპოზიციის და ჩვენი კოლეგების, რომ ამ დარიცხული ხელფასით ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისათვის მოგვეტანა პატარა სიხარული საახალწლოდ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

საახალწლო საჩუქრები დავით ბაქრაძისგან დღეს მიიღეს სოციალურად დაუცველებმა ისნისა და სამგორის რაიონებში.

მისი თქმით, დღეს ადამიანები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ბევრისთვის ახალი წელი გახდა არა იმედისა და სიხარულის მომთანი, არამედ მათი მძიმე მდგომარეობის აღქმის მომენტი.

ამასთან, ოპოზიციაში ნაკლებად ამაყებიც გამოჩნდნენ. მათ ნაწილს ხელფასი არ ჩაერიცხა და პარლამენტში ამის მიზეზებს არკვევდა.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ალეკო ელისაშვილი, შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს

პირველი არხის ინფორმაციით, საუბარია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებზე - ავთო ენუქიძეზე, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბლოკის წევრ ბაჩუკი ქარდავაზე და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ ტარიელ ნაკაიძეზე.

ბაჩუკი ქარდავამ უკვე გააკეთა კომენტარი მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ მას ხელფასის ჩარიცხვა არ მოუთხოვია.

„ხელფასი იქცა პოლიტიკური პინგპონგის იარაღად... ესეც ამ  ხელისუფლების უნიჭობის მორიგი დასტურია. პატივცემულებო, ბაჩუკი ქარდავა არ არის და არც არასოდეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, მე ხელფას არ ავიღებ, მაგრამ თუ მომიწევდა და სხვა მოცემულობაში  ის ჩემს ხელთ აღმოჩნდებოდა, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო  აქციებისთვის გამოვიყენებდი, აუცილებლად ამ ფულით შევიძენდი ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმრებს“, - დაწერა ქარდავამ სოციალურ ქსელში.

ტარიელ ნაკაიძემ დაადასტურა, რომ ხელფასს აიღებს და განმარტა, როგორ დახარჯავს მიღებულ თანხას.

„გადავწყვიტე, მიმეღო ეს ხელფასი... და გადავურიცხო ორგანიზაციას „მოძრაობა საქართველოსთვის“, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის... ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო მათ (პარტიის აქტივისტებს). სანამ პარლამენტი არ შემიწყვეტს უფლებამოსილებას, მანამ მივიღებ ამ ხელფასს და გადავურიცხავ იმას, ვინც ცვლილებებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ნაკაიძემ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც დარიცხულ ხელფასზე რეაქცია მოახდინა, „ევროპული საქართველოს“ რიგებიდან წასული ელენე ხოშტარია იყო - მან ფული უკან დააბრუნა. ხოშტარიამ ქსელში ტრანზაქციის დამადასტურებელი ორი ფოტო გამოაქვეყნა. 

„პარლამენტმა – არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს! წამებში მიიღეს უკან“, – დაწერა ხოშტარიამ Facebook-ის თავის გვერდზე.

დეპუტატის ანაზღაურების ჩარიცხვის შესახებ სოციალურ ქსელში ნატო ჩხეიძემაც დაწერა, რომელის კენჭს იყრიდა ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ სიებით.

„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია... ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ  „ეშმაკისეულ თანხას”, - დაწერა ჩხეიძემ Facebook- გვერდზე.

საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ შესულა.

ამჟამად დეპუტატის მანდატებზე ოფიციალურად უარი თქვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბლოკის (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტიის“ (1 მანდატი) წარმომადგენლებმა, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხიდან სამმა წარმომადგენელმა და ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც კენჭს პარტია „გირჩიდან“ იყრიდა. ამ პარტიიდან გასულ კიდევ სამ წარმომადგენელს ოფიციალურად მანდატზე უარი ჯერჯერობით არ უთქვამს. აგრეთვე, უარი მანდატებზე არ უთქვამთ პარტია „მოქალაქეებიდან“ გასულ ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0