COVID-19, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურული პროექტები – კალაძემ წლის შედეგები შეაჯამა

გამოწერა
დედაქალაქის მერმა წლის განმავლობაში ქალაქისთვის შესრულებულ სამუშაოებზე და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრა

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 2020 წლის ბოლო სხდომაზე ერთი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

მერის სიტყვებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო წელს ზოგიერთი პროექტი გადაიდო, თუმცა ისინი ასახულია 2021 წლის ბიუჯეტში და ეტაპობრივად განხორციელდება. 2021 წლის ბიუჯეტი 1,1 მლრდ ლარს შეადგენს.

ბინის გასაღები - Sputnik საქართველო
ე.წ. აფრიკაში მცხოვრები ალუაშვილების ოჯახი კახა კალაძის ნაჩუქარ ბინაში პირველად შევიდა

„მინდა შევაფასო 2020 წელი, რომელიც უდიდესი გამოწვევებით სავსე იყო. წელს მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არსებული პანდემიის სახით სერიოზული გამოწვევები ჰქონდა. კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი – როცა ეს გეგმა იცვლება. წლის დასაწყისში არაერთი პროექტი გავაჟღერეთ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო მოგვიწია პრიორიტეტების გადანაწილება, ბევრი პროექტის შეჩერება, თუმცა ამ პროექტებიდან უკვე 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული ბევრი მათგანი, რომლებიც განხორციელდება“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზეც ისაუბრა.

კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება>>

„დავიწყებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტით, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია და მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად განახლებული გვექნება. ასევე პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. იცით, რომ პირველ ეტაპზე 300 ერთეული მიკროავტობუსი იქნა შეძენილი“, – განაცხადა მერმა.

ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
კალაძე: ჭავჭავაძის გამზირი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს  ქუჩები

მერის თქმით, განხორციელდა ასევე მეტროპოლიტენის მოდერნიზაცია. 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანი კაბელი შეიცვალა. ასევე განიავების სისტემა და აგრეგატები მთლიანად განახლდა. დაიწყო მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია – დაემატა 15 ახალი შემადგენლობა.

„გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა ახალ ვაგონებზე და მარტში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. დავიწყეთ ერთიანი, ინტეგრირებული მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის დანერგვა. მომხმარებელი ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში საათნახევრის განმავლობაში ერთი გადახდით იმგზავრებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ბევრი რამ გაკეთდა ქალაქის მცხოვრებთათვის. 1300-ზე მეტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები. ასევე 1 572 ერთეული მიწის ნაკვეთის ლეგალიზება მოხდა.

„ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ; პანდემიის პირობებში ჩვენ მიერ დაწესებული შეღავათების პაკეტი შეეხო 3 ათასამდე მეწარმეს; 2020 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი შეადგენს 1 113 193 კვ. მეტრს; წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 873 ქუჩას, გამზირს, აღმართსა და ხიდს; დაირგო 47 384 ძირი მწვანე ნარგავი“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, მომავალ წელს იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტის ხორცშესხმა, მათ შორის - საბურთალოზე მდებარე ბუკიას ბაღის აღდგენა.

თბილისის ერთ–ერთი პარკი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ბუკიას ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს

„ამჟამად ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიხარია, რომ ეს სივრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია, სამწუხაროდ, მოიცავს სივრცეებს, რომელიც დიდი ხნის წინ გასხვისებულია და კერძო საკუთრებაშია. სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც ხდებოდა სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცეები ისევ დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს, მოწესრიგდეს და განახლდეს ერთიანი გეგმით და ხედვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიღებულია 31 დეკემბრიდან 2021 წლის 8 იანვრამდე თბილისში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს შეჩერების გადაწყვეტილება. ეს კეთდება იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებმა, რომლებიც რაიონებში ცხოვრობენ, მოასწრონ სახლებში ჩასვლა და უკან დაბრუნება.

ყველა ახალი ამბავი
0