თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. 2020 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში 9,4%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 11,3%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 24,3%-ით.
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 2,4%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 8,9%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 10,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 11,3%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,2%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 40,2%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 8,1%-ით, მათ შორის სასმელზე – 10%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 10,4 %-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 7,3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 8,7%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
ნოემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 10%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.
გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.