თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორშაბათს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირა.
დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იანვრის ბიუჯეტი წინა წლის წლიური ბიუჯეტის 1/12 იქნება.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1 662,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 16 758,1 მლნ ლარის ოდენობით.
სახელწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების მოცულობა, 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 460,7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384,5 მლნ ლარს.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)
2020 | 2021 | |
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 18 420,3 | 16 758,1 |
საგადასახადო შემოსულობები | 8 979,4 | 10 342,3 |
ასიგნებები | 15 923,8 | 18 384,5 |
ხარჯების მოცულობა 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778,3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის, 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა, პროექტის საბოლოო ვერსიაში მოსალოდნელი ზრდა 4,3%-ს შეადგენს.