გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, ხვალ გადაწყდება

© Sputnik / STRINGERსაახალწლო განათება
საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგულატორი აუდიტის მონაცემებზე დაყრდნობით ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, განაცხადა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის საკითხი სამშაბათს, 29 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სხდომაზე გადაწყდება, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
რეგიონების მოსახლეობას შესაძლოა ელექტროენერგია გაუძვირდეს

დღეს ელექტროკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ (Energo-Pro Georgia) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გარდაუვალია ელექტროენერგიის ტარიფების მნიშვნელოვანი გაზრდა. კომპანია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება. კომპანიაში საუბრობენ კრიზისზე და აღნიშნავენ, რომ არსებული ტარიფების შენარჩუნება უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს.

ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (დღგ-ის ჩათვლით) ამჟამად ასეთია: 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი 14.2367 თეთრია. 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 18.2133, ხოლო 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 22.7327 თეთრი.

დავით ნარმანიას განცხადებით, ეროვნული კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა დაასრულა აუდიტი და ცნობილია ყველა ძირითადი პარამეტრი.

„სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა დაასრულა აუდიტი, ყველა ძირითადი პარამეტრები ხელთ გვაქვს. აღნიშნულ საკითხზე კომისია ხვალ სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ის პარამეტრები, რაც დამტკიცდება, იქნება ორიენტირებული ხარისხიანი და უსაფრთხო ენერგიის მიწოდებაზე“, – განაცხადა ნარმანიამ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება ეროვნული კომისიის კომპეტენციის ფარგლებშია და ამ ეტაპზე მთავრობა ამაში ჩარევას არ აპირებს.

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
სემეკში ჩანიშნული სხდომები გადაიდო: ნარმანია განმარტებას აკეთებს

„კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების კალკულაციასა და დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი, მარეგულირებელი კომისია, სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც, ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებსაც მისცემს საშუალებას უსაფრთხოდ მიაწოდონ ელექტროენერგია მოსახლეობას და კომერციულ აბონენტებს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში", – განაცხადა ნათია თურნავამ.

ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებაზე გადაწყვეტილება მარეგულირებელ კომისიას გასული კვირის დასაწყისში უნდა მიეღო, მაგრამ ვინაიდან კომისიის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირების რისკის გამო იზოლაციაში იმყოფებოდა, სხდომა გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0