თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს რიგგარეშე სესიის ფარგლებში ნდობას გამოუცხადებს განახლებულ მთავრობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
გახარიამ პარლამენტს, ფაქტობრივად, მთავრობის ძველი შემადგენლობა წარუდგინა. ერთადერთი ახალი სახე – იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძეა, რომლისთვისაც აღნიშნული თანამდებობა დროებითი იქნება. რამდენიმე თვეში იგი მთავრობას დატოვებს და ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტს დაიკავებს.
მთლიანობაში პარლამენტში წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
– განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
– თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
– იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
– ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
– საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
– ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
– შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
– შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად გახარიამ კანონმდებლებს წარუდგინა სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
სამთავრობო პროგრამის ძირითადი აქცენტები
სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ოთხ წელზეა გათვლილი.
პროგრამის ძირითადი მიზანი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე არსებული კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა.
გარდა ამისა, პროგრამაში აღნიშნულია, რომ 2024 წლამდე საქართველო ყველა რეფორმას გაატარებს იმისთვის, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.
მთლიანობაში პროგრამაში ოთხი მიმართულებაა გამოყოფილი: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მართვა.
საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულება ითვალისწინებს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცებას, თავდაცვისუნარიანობასა და შიდა უსაფრთხოებაზე ზრუნვას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგას.
ეკონომიკური განვითარება ითვალისწინებს პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე სიღარიბის დაძლევას.
სოციალური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულება ეფუძნება სოციალური სფეროსა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, ასევე ხარისხიანი ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფას.
რაც შეეხება სახელმწიფო მართვას, ამ ნაწილში მოიაზრება სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება და მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.