თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და ექიმებს, პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში გამოჩენილი უდიდესი ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა.
„ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩვენი ადმინისტრაციისგან. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ ამ თვეების განმავლობაში თქვენი სამინისტროსა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის დიდი ძალისხმევის გამო. ჩვენ შევძელით ჩვენი დანაზოგიდან რამდენიმე სასუნთქი აპარატი გადმოგვეცა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო მთელი სისტემის მხრიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრის დროს.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 19 აპარატი გადაეცა >>
ეკატერინე ტიკარაძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შენატანი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორისათვის, რადგან ეს დანადგარები არის იმის გარანტია, რომ შესაძლებელია ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 20.644 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.270 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.781, აჭარაში – 655, იმერეთში – 1.287.
1.082 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 414 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 41, იმერეთში – 86. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.600 ადამიანი, მათ შორის 591 – თბილისში, 721 – აჭარაში, 115 – იმერეთში. 12.774 პირი მკურნალობს ბინაზე.