საქართველო სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 100 მილიონ ევროს მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრედიტი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც უკავშირდება დაავადების მართვას, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებას და ვაქცინის მარაგების შექმნას.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს გამოუყოფს 100 მილიონი ევროს მოცულობის კრედიტს საბაზო სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და გაუმჯობესების, ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებისა და COVID-19-ის პანდემიის დროს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.

აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისა და პანდემიის პერიოდში „ევროპის გუნდის“ მიერ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისათვის 6,7 მილიარდი ევროს მოცულობის უზრუნველყოფილი დახმარების პაკეტის ნაწილს.

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე არ დგას

„ეს თანხა გამოიყენება პანდემიის დასკვნით ეტაპზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ დაავადების მართვასთან, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებასთან და ვაქცინის მარაგის შექმნასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.

კრედიტი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს მოდერნიზება: ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ლისის საავადმყოფოს, რუხის საავადმყოფოს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის.

სიახლეები შეეხება იმ კლინიკებსაც, რომლებიც კოვიდ-კლინიკებად გადაკეთდა და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დიდ როლს ასრულებენ.

კრედიტი ასევე ითვალისწინებს თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის და ვაქცინის შეძენას, ასევე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურების მიწოდების ეფექტიანი ჯაჭვის შექმნას.

კლინიკა - Sputnik საქართველო
„რთული იქნება“ – ჯანდაცვის უწყებაში კლინიკების დატვირთვაზე საუბრობენ

„აღნიშნული თანხა ემატება იმ 1,5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარებას, რომლის მობილიზებაც ევროკავშირმა და „ევროპის გუნდმა“ საქართველოს დასახმარებლად წელს უკვე უზრუნველყო. ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ ბანკებთან იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ინვესტიცია დაეხმარება მთავრობას, გააუმჯობესოს ჯანდაცვის სისტემის ხარისხი, გააძლიეროს პანდემიაზე ეფექტური რეაგირების პოტენციალი და 3,7 მილიონი მოქალაქის უკეთესი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის შედეგად ადამიანების სიცოცხლე იხსნას.

ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გამოყო, დღეისათვის დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0