თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს ვაქცინაციის ჩატარება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პოლიკლინიკასა და იმუნიზაციის კაბინეტში უფასოდ შეუძლიათ.
M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება, როგორც არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
„ჩვენ გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან, როგორც ვიცი, მათ უკვე დაეგზავნათ სმს–შეტყობინებები – სად უნდა მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. ეს არის აქცია, რომლის ფარგლებში მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. მინდა მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ პროგრამით“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ტაქსის მძღოლების – როგორც რისკ-ჯგუფის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის – იმუნიზაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა. ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამიდან დაფინანსდება.
საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს. ქვეყანაში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები და რინოვირუსები.
სახელმწიფომ წელს გრიპის 235 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა, აქედან ამჟამად გამოყენებულია მხოლოდ 170 ათასამდე დოზა. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კერძო სექტორსაც შემოაქვს, რომლით სარგებლობაც საზოგადოების დიდ ნაწილს შეუძლია – ამ შემთხვევაში ვაქცინა ფასიანია.
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის უფასოა. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სკოლების, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი.
საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.