გამყრელიძე: სავარაუდოდ, წელს გრიპის აქტიური სეზონი არ გველოდება

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში ვაქცინაცია
  ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას უკვე სეზონური გრიპებიც დაერთო.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გასულ წელთან შედარებით შეიძლება გრიპის სეზონმა წელს გაცილებით მსუბუქად ჩაიაროს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

ვაქცინაციის კაბინეტი - Sputnik საქართველო
გრიპის რომელი ვაქცინა უკეთესია: ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს. ქვეყანაში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები და რინოვირუსები.

„ქვეყანაში B ტიპის გრიპის ვირუსის ცირკულირება გასულ კვირაში დაიწყო. ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული რეგულაციები გრიპის ვირუსის პრევენციასაც მოიაზრებს... დიდი ალბათობით, წელს გრიპის ვირუსი არც ისე აქტიური იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, სახელმწიფომ წელს გრიპის 235 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა, აქედან ამჟამად გამოყენებულია მხოლოდ 170 ათასამდე დოზა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგოდ ვაქცინის ჩატარებისკენ, განსაკუთრებით, ორსულებს და რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კერძო სექტორსაც შემოაქვს, რომლით სარგებლობაც საზოგადოების დიდ ნაწილს შეუძლია – ამ შემთხვევაში ვაქცინა ფასიანია. 

ექიმი ცრის პაციენტს - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: გრიპის ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა, სასურველია ყველა ორსული აიცრას

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის უფასოა. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სკოლების, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0