თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, ოღონდ კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.
კერძოდ, დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ცენტრების მუშაობის გახსნასთან დაკავშირებით შემდეგი დამატებითი რეგულაციები დაწესდა:
- მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;
- მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. ასევე მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
- ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
- ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები.
- მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.
- სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით;
- ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადის სწორად ტარების მოთხოვნები.
აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაციას. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება – როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.
დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან სპეციალური რეჟიმით იმუშავებენ>>
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.