„გამოვიყენოთ პანდემია“ – რაზე ესაუბრა გახარია ქართველ ელჩებს

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია ონლაინ-შეხვედრაზე
გიორგი გახარია ონლაინ-შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დიპლომატიის ამოცანაა, ქვეყნისთვის პატარა უპირატესობა მოიპოვოს პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში, განაცხადა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა.

2021 წელს მთავარი ამოცანა უნდა გახდეს ეფექტური და პრაგმატული დიპლომატია, რათა COVID-19-ის პანდემია გამოწვევიდან შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ.

გახარია სიტყვით გამოვიდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“. ღონისძიება ონლაინ–ფორმატში 21 დეკემბერს დაიწყო და 23 დეკემბერს დასრულდება. სამი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ 2020 წლის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოს და 2021 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ჰანს კლუგე - Sputnik საქართველო
ჰანს კლუგე: საქართველოს მთავრობის რეაგირება სანაქებოა

„მოგეხსენებათ, ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და გლობალური კონკურენცია იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ისევე, როგორც მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში – როგორ შეძლოს და მიაღწიოს მეტ შედეგებს", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ დიპლომატებს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამშობლოში დაბრუნებაში 22 862 ადამიანს დაეხმარა, ხოლო დიპლომატიურმა მისიებმა უცხოეთში დახმარება გაუწიეს 23 296 თანამემამულეს – ისინი უზრუნველყვეს საცხოვრისით, საკვებითა და მედიკამენტებით.

„მართლაც აღსანიშნავია ის, თუ როგორ გაუწოდა ქართულმა დიპლომატიამ საქართველოს მოქალაქეებს ხელი და ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ჩვენი შეზღუდული ეკონომიკური რესურსებით როგორ მოვახდინეთ ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება. ეს, მერწმუნეთ, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა და დააფასა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საგარეო პოლიტიკის ამოცანები

ასევე, მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ წლის და ოთხწლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა მოემზადოს მისი ისტორიული მიზნის, ისტორიული ოცნების რეალიზაციისთვის – მოიპოვოს ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის განაცხადის შეტანის შესაძლებლობა.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

„ეს ის მიზანია, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ამიტომ თქვენს 2021 წლის სამუშაო გეგმაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შემდგომ გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა იქნება ნომერი პირველი პრიორიტეტი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დავაახლოოთ ყველა განზომილებაში, მათ შორის, ფიზიკურ განზომილებაშიც საქართველო ევროპასთან – ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი ყველა მიმართულებით. ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა უკვე იყოს მზად, სულ უფრო და უფრო უნდა დავაახლოოთ სტანდარტები და ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ასევე აღნიშნა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ის საგრძნობი პროგრესი, რომელიც თავდაცვის სფეროშია მიღწეული.

გახარია შეეხო საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევას – ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის თემას.

საქართველოს და ევროკავშირის დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
უვიზო რეჟიმის გვერდითი ეფექტი: ევროკავშირში სულ უფრო მეტი ქართველი ითხოვს თავშესაფარს

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი გამოწვევა და მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, მუშაობა, პოლიტიკის კეთება, ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში არ მივცეთ არავის იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყებას მიეცეს საქართველოს ნომერი პირველი გამოწვევა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას შეფასებით, რეგიონულ ცვლილებებსა და განვითარებას, რომლის მოწმეც გახდა ყველა, და საქართველომ ამ რთულ პროცესებში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება შეძლო, მომავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

„აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დიპლომატიას მადლობა უნდა გადავუხადოთ. საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, რამეთუ, მოგეხსენებათ, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

გახარია მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნას მაქსიმალური პლურალიზმი პოლიტიკურ პროცესში, რათა პარლამენტში უფრო მეტი მოქალაქის ხმა იყოს წარმოდგენილი და გაჩნდეს უფრო მეტი ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„აქციებს არ ავკრძალავთ“ – პრემიერი ოპოზიციის პროტესტზე

„ქართული დემოკრატიისთვის გრძელვადიან, თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, ის საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც იყო მიღებული და ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, რა თქმა უნდა, არის პროგრესი, რადგან ჩვენ, როგორც შედეგი, დღეს მივიღეთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, პანდემიის პირობებში, დაახლოებით ორი მილიონი მოქალაქე, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მივიდა საარჩევნო ყუთთან და მისცა ხმა. შედეგად ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, სადაც გვყავს ცხრა პოლიტიკური ძალა, პირველად ქვეყნის ისტორიაში და ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომლის დიდი ნაწილიც არის არჩეული პროპორციული სისტემით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არის დემოკრატიული პროცესის პროგრესი, რომელსაც ამჟამინდელი პოლარიზაცია ემუქრება. მან მადლობა გადაუხადა დიალოგში ჩართულ საერთაშორისო პარტნიორებს, შუამავალ ელჩებს გაწეული ძალისხმევისთვის.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ოპოზიციას ორი ვარიანტი აქვს – ცუდი და ძალიან ცუდი

თვეზე მეტია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას ცდილობენ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ. ამ დროის მანძილზე დიპლომატები ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ხელისუფლება კი დათმობაზე დაეთანხმებინათ.

ონლაინ-კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში, ისე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. კონფერენცია გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა. გახარიას გარდა, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0