თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ამ დროისათვის 300 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების მიღებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 83.173 განაცხადია შესული, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კომპენსაციის თაობაზე განაცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. თანხის ჩარიცხვა, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დასრულდება.
საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში გარკვეული სფეროების, მაღაზიებისა და ბაზრობების ნაწილის მუშაობაზე შეზღუდვები დააწესა და აღნიშნულ სეგმენტში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი დახმარების მიმღებთა კატეგორიას ბოლოს დაემატა პირები, რომლებსაც 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში დაერიცხათ ხელფასი, მაგრამ შემოღებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ამის შემდგომ ანაზღაურება არ მიუღიათ. ადრე კომპენსაციის მისაღებად აუცილებელი პირობა იყო შეზღუდვების დაწესების დღიდან ხელფასის არქონა.
მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება>>>
ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კერძო მეწარმეებს, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობენ; ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ დასაბეგრ საქმიანობას ეწევიან; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს; ინდივიდუალურ მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებს. ჩამოთვლილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.
შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას და სამი დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უგზავნის, რომელიც კონკრეტულ პირებს, თავის მხრივ, სამი დღის ვადაში თანხას ჩაურიცხავს.
კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს თვითდასაქმებულის ან დამსაქმებლის მხრიდან ვებ-გვერდზე eservices.rs.ge.