თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის ჩარიცხვა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, პირები, რომლებსაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას.
შესაბამისი ცვლილება, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შევიდა.
დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ, 73 ათასზე მეტი განაცხადია დარეგისტრირებული.
ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კერძო მეწარმეებს, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობენ; ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ დასაბეგრ საქმიანობას ეწევიან; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს; ინდივიდუალურ მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებს. ჩამოთვლილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.
კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ვებ-გვერდზე eservices.rs.ge 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება >>
შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას და სამი დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უგზავნის, რომელიც კონკრეტულ პირებს, თავის მხრივ, სამი დღის ვადაში თანხას ჩაურიცხავს.