თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი თავისი პროგრამით საქართველოს პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების წინაშე წარდგა.
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიას ოთხშაბათს გახსნის>>
ჩხენკელმა ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. მისი თქმით, უწყებამ შეიმუშავა საბავშვო ბაღების ფუნქციონირების დოკუმენტი, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში თავისებური გზამკვლევი იქნება სკოლამდელი დაწესებულებებისთვის. ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვის კუთხით.
2021 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიწყებენ პედაგოგი–აღმზრდელების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას. პროფესიული კადრების მოზიდვის მიზნით განისაზღვრება და გადაიხედება მათი ხელფასები.
მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, მოხერხდა განათლების პროცესის შენარჩუნება და ხარისხის უზრუნველყოფა, აღნიშნა ჩხენკელმა. მისი თქმით, სამინისტროს მიერ განათლების მიმართულებით განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და, კერძოდ, დისტანციური გაკვეთილების ჩატარების მეთოდმა და პროექტმა „ტელესკოლა“ მაღალი შეფასება დაიმსახურა ისეთი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორებიცაა Microsoft და ОЕСD.
პროფგანათლება
მას შემდეგ, რაც საქართველომ პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფგანათლების სხვადასხვა მიმართულება. კერძოდ, გაძლიერდა სასწავლო დაწესებულებების ქსელი, დამტკიცდა პროფსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, განვითარდა მოზრდილთა სწავლების მიმართულება, სამეცნიერო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, პროფგანათლების სფეროში გაიზარდა დამსაქმებლების ჩართულობა.
ჩხენკელის განცხადებით, 2020 წელს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ სისტემამ სტუდენტებს პირველად შესთავაზა პროფგანათლებასთან ერთად სრული საშუალო განათლება და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროფგანათლების სისტემის მართვის ახალ მოდელზე, რომელიც 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
დაწყებულია მუშაობა ასევე საერთაშორისო დონის პროფსკოლების პროექტებზე, რომლებშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად უცხოელებიც ისწავლიან. მაგალითად, ღვინისა და კულინარიის სკოლა კახეთში, ტურიზმის სკოლა დუშეთში, საინჟინრო მიმართულების სკოლა თბილისში. კოლეჯების ქსელის აქტიური განვითარება მიმდინარეობს მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაში, ბათუმსა და წყალტუბოში.
ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, რომლებიც, მისი თქმით, ექიმების მსგავსად პანდემიის პირობებში მოწინავე რიგებში დგანან და თანამედროვეობის ასეთივე გმირები არიან.
პანდემიის პირობებში პედაგოგების მხარდასაჭერად შეიქმნა ელექტრონული სასწავლო რესურსები, პედაგოგები გადამზადდნენ დისტანციური გაკვეთილებისთვის. ჩატარდა 130-ზე მეტი ვებინარი, რომლებშიც 20 ათასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. შესაბამისი ტრენინგი გაიარა დაახლოებით 16 ათასმა პედაგოგმა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების სფეროს საბიუჯეტო დაფინანსება. გაიზრდება მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, განაცხადა ჩხენკელმა.
მან ასევე წარმოადგინა მეცნიერების, კულტურის, სპორტის განვითარების საკუთარი ხედვა.
საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ჩხენკელის კანდიდატურას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე.
პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას ამ კვირაში გამოუცხადებს.