საქართველომ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებისთვის შეზღუდვები დააწესა

© Sputnik / STRINGERაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანეთში დაადასტურეს, რომ ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის ახალი შტამი დიდი სისწრაფით ვრცელდება და მოსახლეობისგან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენას უკავშირდება. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით გუშინ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა სრულად შეაჩერა.

დეკემბრის პირველ დეკადაში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, ან სხვაგვარად რეაგირებს ვაქცინებზე, არ არსებობს. 

COVID - 19 ლონდონში - Sputnik საქართველო
საზღვრების ჩაკეტვა უაზრობაა: ექიმი კორონავირუსის ახალი შტამის საფრთხეს აფასებს

სიჭინავას განაცხადებით, დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა. საქართველოს ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს.

„შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნეს–ვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში, და ასევე იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც. 

24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0