თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. იმ ფაქტში, რომ დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, არაფერია გასაკვირი, აცხადებს რუსეთში ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ალექსანდრ მიასნიკოვი.
„ნათელია, რომ უამრავ ადამიანსა და მათ იმუნურ სისტემაში გავლის შემდეგ, კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების კვალდაკვალ, ვირუსი კვლავაც განაგრძობს მუტაციას. ამასთან ის ხდება უფრო სწრაფი, თუმცა კარგავს ძალას“, — წერს მიასნიკოვი საკუთარ Telegram-არხზე.
ექიმი ხაზს უსვამს, რომ ახალმა შტამებმა არ უნდა შეაშფოთოს მოსახლეობა, ვინაიდან ვირუსის ერთი გენოტიპის მიმართ შექმნილი ვაქცინა სხვა ტიპებზეც მოქმედებს.
ამასთან მედიკოსი აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთთან საზღვრების დაკეტვა უაზრობაა, ვინაიდან, მისი ინფორმაციით, ახალი შტამი უკვე გასცდა ქვეყნის ფარგლებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გუშინ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა სრულად შეაჩერა – კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით. პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია უკვე გამოვლინდა ნიდერლანდებში, დანიასა და ავსტრალიაში. გარდა ამისა, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოვლენის შესახებ იუწყება იტალიის ჯანდაცვის სამინისტროც.
მანამდე, დეკემბრის პირველ დეკადაში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, ან სხვაგვარად რეაგირებს ვაქცინებზე.