თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში შესაბამისი კვლევები თუ ჩატარდება, შესაძლოა, ახალი შტამის შემთხვევები გამოვლინდეს, არ გამორიცხავს ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი სექტემბერში დაფიქსირდა. თავიდან მისი გავრცელების მაჩვენებელი 5%-ს არ აჭარბებდა, ახლა კი 70%-ს აღწევს.
კულუმბეგოვის თქმით, ახალი შტამის დადებით თვისებად ის უნდა ჩაითვალოს, რომ, გავრცელების სისწრაფის მიუხედავად, ის მძიმედ არ მიმდინარეობს.
როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, არ არსებობს არავითარი კლინიკური მინიშნება, რომ ბრიტანეთში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ისევე, როგორც არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინა ამ ვირუსზე არ იმოქმედებს.
„ინფორმაცია ისე სწრაფად იცვლება, რომ ჩვენ არ ვიცით, რომელი მეცნიერული სიახლე შემოგვეწევა რამდენიმე დღის მანძილზე", – განაცხადა კულუმბეგოვმა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 20 დეკემბრიდან ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში კოვიდ-შეზღუდვების მეოთხე დონის ახალი სისტემა Tier Four ამოქმედდა. ახალი ვირუსის გამო ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. მსგავსი გადაწყვეტილება დღეს საქართველომაც მიიღო.
ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი მუტაცია 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი. ეს შაბათს ბრიტანეთის საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ახალი მონაცემები, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ან უფრო მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა.