თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნული გოჩა ლორთქიფანიძე ახალი თანამდებობის დაკავებამდე საქართველოს მთავრობაში იმუშავებს, დაწერა თავის Facebook-გვერდზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ლორთქიფანიძე შაბათს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
„ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას“, - დაწერა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამაყობს ამ მიღწევით და დარწმუნებულია, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს ღირსეული მოსამართლე იქნება.
გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა 24 დეკემბერს გაიმართება. გოჩა ლორთქიფანიძე ახალ მინისტრთა კაბინეტში - ერთადერთი ახალი სახეა. ამ პოსტზე ის შეცვლის თეა წულუკიანს, რომელიც ამ თანამდებობას 8 წლის განმავლობაში იკავებდა.
ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობას 2030 წლამდე დაიკავებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც განიხილავს ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისათვის: გენოციდი, სამხედრო დანაშაულები, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულები და აგრესიის დანაშაული.
სასამართლო დაფუძნდა 1998 წელს რომის სტატუტის საფუძველზე, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლისთვის რომის სტატუტის რატიფიცირება 123-მა სახელმწიფომ მოახდინა.
საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.