თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 დეკემბერს საჯარო მოხელის დღე აღინიშნება. მის მიზანს საჯარო სამსახურის ძირითადი მამოძრავებელი ძალის, პროფესიული საჯარო მოხელის მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენს.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც პანდემიასთან ბრძოლის ურთულეს პროცესში მონაწილეობს და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი, კეთილსინდისიერი ყოველდღიური შრომით დროულად შევძლებთ კრიზისის გადალახვას და ქვეყნის სწრაფი განვითარების აქტიურად გაგრძელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გახარია თითოეულ საჯარო მოხელეს მადლობას უხდის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.
აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო მოხელეთა ხელფასების სისტემის დახვეწა.