ანდრეი კოცი
შორი რადიოკავშირის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მიერ შექმნილი ეს სიახლე რუსეთს საშუალებას მისცემს, უსაფრთხო გახადოს სამხრეთი მიჯნები და არ დაუშვას სახელმწიფო საზღვრის დარღვევა. „სტრატეგია“ მოიცავს შავი ზღვის ფლოტისთვის ხელმისაწვდომ თვალთვალის ყველა საშუალებას.
ზღვა ხელისგულზე
საზღვაო კონტროლის თანამედროვე სისტემების უმეტესობა, როგორც წესი, რადიოლოკაციურ სადგურს წარმოადგენს, რომლებიც საერთო ქსელთანაა მიბმული და ზღვას სანაპიროდან მრავალი კილომეტრის სიღრმეზე ასკანერებს. ხომალდების გადაადგილების შესახებ მთელი ინფორმაცია ერთ ცენტრში გადაიცემა, სადაც იღებენ კიდეც გადაწყვეტილებებს. მაგალითად, დამრღვევის დაკავების შესახებ.
„სტრატეგიაც“ რადიოლოკაციურ პრინციპს ეფუძნება, — განმარტავს ჟურნალ Арсенал Отечества-ს მთავარი რედაქტორი ვიქტორ მურახოვსკი. — ის რეალურ დროში ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრავს მოქმედების ზონაში მყოფი ყველა ხომალდის კოორდინატებს. იხატავს ე.წ. სიგნატურებს — ეს ზღვაში გემის ინდივიდუალური პორტრეტია, რომლის მიხედვითაც ამოიცნობენ მის ტიპსა და კუთვნილებას. და, ბუნებრივია, იწერს მოძრაობის ძირითად პარამეტრებს: კურსსა და სიჩქარეს. რამდენადაც ვიცი, ანალოგიური სისტემა არქტიკულ ზონაშიც ინერგება“.
ექსპერტის თქმით, „სტრატეგია“ უნიკალურია იმით, რომ განურჩევლად ყველა რადიოლოკაციური სადგურის შესაძლებლობებს მოიცავს, რომლებიც შავ ზღვას უთვალთვალებს — როგორც სანაპირო, ისე სახომალდე. ცალკეულ რაიონებზე დაკვირვებისთვის კი მას შეიძლება მიუერთდეს ჰორიზონტსმიღმა რადიოლოკაციური სადგურები, რომლებიც სივრცეს ათასზე მეტი კილომეტრის რადიუსში ასკანერებენ. ახალი ტექნოლოგიის უმთავრესი თავისებურება მაღალი ავტომატიზაციაა.
შემქმნელების აზრით, „სტრატეგიას“ შეუძლია გამოიყენოს არა მარტო რადიოლოკაცია, არამედ თანამგზავრული და სახმელეთო ავტომატური საინფორმაციო სისტემები, ფლოტის საობიექტო ინფორმაციის გადაცემის შიდა არხები. გარდა ამისა, ის ორმხრივ რეჟიმში შეძლებს ურთიერთქმედებას ტექნიკურ საშუალებებთან და კომპლექსებთან, რომლებისგანაც მიიღებს მონაცემებს.
მოუხშირეს
შავი ზღვის კონტროლის საკითხი რუსეთისთვის ფუჭი საქმე არ არის. ბოლო წლებში ზღვაში ნატოს ვიმპელები რეგულარულად შედიან. სექტემბრის ბოლოს გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მეთაურმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ 2020 წელს ნატოს ხომალდები შავ ზღვაში მესამედით უფრო დიდხანს ჩერდებოდნენ, ვიდრე 2019-ში. ალიანსის აქტიურობის პიკი ივლისზე მოვიდა, როდესაც სწავლება Sea Breeze 2020 ჩატარდა. მასში დაახლოებით 2 ათასი სამხედრო მონაწილეობდა აშშ-დან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან. ასევე მონაწილეობას იღებდა 25 ხომალდი და ავიაცია.
„ამ ხომალდების დაახლოებით 40 პროცენტი შორი მანძილის ზეზუსტი იარაღის მზიდია. კერძოდ, შავ ზღვაში არაერთხელ შემოვიდა აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების ესკადრონული ნაღმმზიდი Roosvelt, რომელსაც 90 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ის ზიდვის უნარი აქვს“, — დააზუსტა რუდსკოიმ.
ერთადერთი, რაც ნატოს სამხედრო–საზღვაო ძალებს აჩერებს შავ ზღვაში მუდმივი მანევრირებისგან, ეს მონტრეს კონვენციაა, რომელსაც ხელი 1936 წელს მოეწერა. შეთანხმება ბოსფორის და დარდანელის სრუტეების სტატუსს განსაზღვრავს და ასევე ზღუდავს აკვატორიაში იმ სახელმწიფოთა სამხედრო ხომალდების რაოდენობას, რომლებიც შავი ზღვის რეგიონს არ მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, კონვენცია ითვალისწინებს იმასაც, რომ შავ ზღვაში ერთდროულად დაახლოებით ცხრა ასეთი ხომალდი შეიძლება იყოს, რომელთა საერთო ტონაჟი 30 ათას ტონაზე მეტი არ იქნება. ყველაზე მეტად უცხოური სამხედრო–საჰაერო ძალები, რაღა თქმა უნდა, ყირიმით არიან დაინტერესებული. დასავლეთის ქვეყნების ხომალდები არაერთხელ მიუახლოვდნენ ნახევარკუნძულს, მზვერავი თვითმფრინავები და დრონები კი რეგულარულ შემოფრენებს ახორციელებენ საჰაერო სივრცეში. ალიანსი ცდილობს განსაზღროს სამხედრო ობიექტების მდებარეობა ყირიმში და ასევე გაარკვიოს, რა სიხშირეებზე მუშაობს კავშირი, ნავიგაცია და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები.
უპირატესობა რეგიონში
აშშ და მისი მოკავშირეები არ მალავენ, რომ მათ მწვავედ აშფოთებთ რუსეთის შესაძლებლობები შავ ზღვაში.
დეკემბერში ამერიკულმა სტრატეგიულმა კვლევითმა ცენტრმა RAND-მა შავი ზღვის ფლოტისა და ნატოს ქვეყნების სამხედრო–საზღვაო ძალების დაპირისპირების მოდელირებაც კი მოახდინა რეგიონში, შექმნა რა, რაღაც სამაგიდო თამაშის მსგავსი. გაირკვა, რომ ამ აკვატორიაში რუსეთი ნებისმიერ კოალიციას დაამარცხეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ ბულგარეთთან, რუმინეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად იმოქმედებს.
მოსკოვს ნამდილად შეუძლია აგრესიას უპასუხოს — რეგიონში სამხედრო–საზღვაო ფლოტის ძალები რეგულარულად ივსება ახალი ხომალდებით და წყალქვეშა ნავებით, რომლებიც მძლავრი შემტევი კომპლექსებითაა აღჭურვილი.
გარდა ამისა, თავად ყირიმში, რომელსაც ხშირად „სახმელეთო ავიამზიდსაც“ უწოდებენ, განთავსებულია მნიშვნელოვანი არმიული დაჯგუფება, რომელიც ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებითა და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებითაა აღჭურვილი. მათ საზღვაო სამიზნეების განადგურება ნაპირიდან საკმაოდ მოშორებით შეუძლიათ. არიან ძალიან მობილურები და სწრაფად შეუძლიათ პოზიციის შეცვლა, რაც მათ აღმოჩენასა და განადგურებას ართულებს.
ამერიკელი ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთი შეინარჩუნებს შავ ზღვაზე კონტროლს ისე, რომ ნატოს ქვეყნებთან შეიარაღებულ კონფლიქტში არც შევიდეს. ამისათვის მოსკოვს არალეტალური საშუალებების დიდი არსენალი აქვს. RAND-ის ექსპერტების თქმით, ასეთთა შორისაა ფსიქოლოგიური შეტევები, კიბერნეტიკული ოპერაციები, საინფორმაციო დარტყმები და ასევე რადიოელექტრონული ბრძოლა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს