ქართული ქარვისფერი ღვინო განსაკუთრებული ღვინოების ჩამონათვალში შევიდა

© photo: DecanTer wine & shop / FBღვინის მაღაზია
ღვინის მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, ეს 2020 წელს მეღვინეობის დარგის ყველაზე მთავარი წარმატებაა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული, ჭაჭაზე დადუღებული ქართული ღვინო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ს სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა უწყების მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. 

OIV-ს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 26 ნოემბერს მიიღო. 2017 წელს ორგანიზაციამ დაჩქარებული წესით მიიღო საქართველოს განაცხადი ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული თეთრი ღვინოების OIV-ს სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეყვანის თაობაზე. 

ყურძნის მტევანი - Sputnik საქართველო
პოლონეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ქართული ღვინოები დააჯილდოვეს

მანამდე ორგანიზაციის ღვინის რუკაზე სულ შვიდი ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი – შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი" და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი).

დავითაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი 2020 წელს მეღვინეობის დარგის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წარმატებაა. აღნიშნული სიახლის შესახებ შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ ღვინის შესაბამისად შეფასება შეძლონ.

გარდა ამისა, დავითაშვილის განმარტებით, 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების მიმართულებით. საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.

დღეისათვის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ადგილწარმოშობის მიხედვით 24 დასახელების ღვინოა რეგისტრირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0