თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე GALICJA VITIS 2020 ქართულმა ღვინოებმა რამდენიმე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება და პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ კონკურსად ითვლება. მასზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღვინის კომპანია „თელავის ძველი მარნის“ ღვინომ „არჩილის ღვინო, რქაწითელი 2015“ კონკურსში ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: მიიღო Champion Grand Gold Medal მშრალი თეთრი ღვინოების კატეგორიაში და ასევე მოიპოვა განსაკუთრებული ჯილდო საუკეთესო ნატურალური ღვინისთვის.
გარდა ამისა, კონკურსში ოქროს მედლები საქართველოდან მიიღეს ღვინოებმა: კომპანია „გელოვანის“ ღვინო – „კახური მწვანე, 2018“, კომპანია „არტიზანი“ – Orange Affair Mtsvane Rkatsiteli, 2019 და კომპანია Katewines-ის – „ქვევრის საფერავი, 2017“.
„ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.