თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ.
მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.
I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში, ქალაქ ქაბულში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.
ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის.