თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. განხორციელდა ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი როტაცია – საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში" მონაწილეობისთვის გაემგზავრა.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ახალი კონტინგენტი მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე" როტაციის წესით თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანაა ბაზის პერიმეტრის დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება.
ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.
საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.