თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. კიდევ ორი ოპოზიციური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“ და „ევროპული საქართველოს“ - წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს უარი დეპუტატის მანდატებზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ 36-ვე დეპუტატი უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატზე >>
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმაც მიმართეს პარლამენტს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.
მათ უკვე წარადგინეს საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის სახელზე.
„მანდატების განაწილება ვერ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს და შესაბამისად, ამ არჩევნებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი, სუფთა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენ უარს ვამბობთ მანდატებზე, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ეს არის სამართლიანი და სწორი ბრძოლა“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
პირველმა ოპოზიციიდან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად ორშაბათს მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. სამშაბათს განცხადებები შეიტანეს არჩევნების შედეგებით მეორე ადგილზე გასული საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა. ამგვარად, პარლამენტში არჩევნების შედეგებით გასული რვა პარტიიდან ხუთმა მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
სამშაბათს ცესკომ აღნიშნული ხუთი საარჩევნო სუბიექტის პროპორციული სიები გააუქმა.
„კეთილგონივრული არჩევანი და მიდგომა იქნება ის, თუ „ქართული ოცნება“ გააკეთებს არჩევანს არა პარტიული ინტერესის სასარგებლოდ, არამედ საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს სასარგებლო არჩევანი არის – ერთადერთი დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები გონივრულ ვადებში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა.
მიუხედავად დეპუტატის მანდატებზე უარისა, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად არიან, გააგრძელონ მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“. მოლაპარაკებები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით იმართება.
„ჩვენ ამ ნაბიჯით უარი ვთქვით საკუთარ კეთილდღეობაზე იმ იმედით, რომ „ქართული ოცნება“ იმავე ნაბიჯს გადადგამს, არა იმისთვის, რომ ჩვენ გვჭირდება ეს, არამედ იმისთვის, რომ საქართველოს სჭირდება შეთანხმება“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძე.
ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები დღემდე ცარიელია.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, 22 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართა. არჩევნების შედეგად, 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს.
რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.