თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ოფიციალურად თქვეს უარი სადეპუტატო მანდატებზე.
მათ უკვე დაწერეს განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახელზე.
„დღეს ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიის წევრები, რომლებიც ძალით იქნენ ცნობილი პარლამენტის წევრებად, უკვე პირადი განცხადებით მიმართავენ პარლამენტს. ამით დასრულდება პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი და უკვე ჯერი იქნება პარლამენტზე – მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიციიდან პირველმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ ორშაბათს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მიმართა.
უახლოეს დღეებში ანალოგიური განცხადებით პარლამენტს მიმართავენ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები – მათ მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი მანდატი აქვთ.
„ჩვენი პოზიცია იყო ძალიან ნათელი, ჩვენ მთელი ამ პროცესის ავანგარდში ვართ. რა თქმა უნდა, დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილება აღიარა პარლამენტმა, მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს ამ უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით და ჩვენ ამას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში. არ ვაპირებთ ამ პროცესის გაჭიანურებას“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები პირველ სხდომაზე ცარიელი იყო.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნების შედეგად 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ყველაზე მეტი - 36 მანდატი ერგო საარჩევნო ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“.
სამშაბათს ცესკომ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პროპორციული სიები გააუქმა, მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“.
რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.