თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 360 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ საცხოვრებელ ბინებში შეხვდება.
დევნილ ოჯახებს ბინის გასაღები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა.
„ჩვენ დევნილ მოსახლეობას რამდენიმე თვის წინ შევპირდით, რომ წლის ბოლომდე 360 ოჯახს განვასახლებდით ამ ახალაშენებულ ბინებში. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმ რთული ვითარებისა, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ გლობალურად არის მსოფლიოში, ჩვენ მაინც შევძელით და შევასრულეთ დანაპირები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, ბოლო რვა წლის მანძილზე კი – 22 655. ტიკარაძემ პირობა დადო, რომ უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შემდგომ ოთხ წელში მაქსიმალურად მოხდეს იძულებით გადაადგილებული პირების ბინებით უზრუნველყოფა.
დღეისათვის საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 283,2 ათასზე მეტი იძულებით გადააადგილებული პირი ცხოვრობს. აღნიშნული ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისიდან არ ვრცელდება.
სახელმწიფო ეტაპობრივად ახორციელებს მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას, 2019–2020 წლებში ამისთვის 328 მლნ ლარი გამოიყო.