თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. გორსა და ხაშურში 37 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ოფიციალური ცნობით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 283,3 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. საქართველოს მთავრობა ამ დრომდე ახორციელებს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას.
„საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ამასთან, დამატებით 43 დევნილი ოჯახისთვის ბინებს უახლოეს მომავალში შევისყიდით. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.