შსს ბიძინა ესებუას დაკავების მიზეზებს განმარტავს

© Sputnik / STRINGERბიძინა ესებუას დაკავება
ბიძინა ესებუას დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ესებუას ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღდეგოდ ტარების ბრალდებით დააკავა, იუწყება შსს.

ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გამთენიისას დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა.

დაკავების ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

„დაკავებულის კუთვნილი, BMW-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
ბადრი ესებუა, შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0