თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საზოგადოება დაიღალა ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დღეს ქვეყანას სხვა რამ სჭირდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ.
„დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით! ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოება დაიღალა გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით.
„დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები – ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები – ანტიშევარდნაძისტები, და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა. კანონმდებლებმა რეგისტრაციის პროცედურა დილიდანვე გაიარეს.
მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას 150-დან ესწრება 90 დეპუტატი – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი თავისუფალი იქნება. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.
პირველ სხდომაზე მოხდება საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დაკომპლექტება. გარდა ამისა, დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და 15 პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეს.
დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, უფლებამოსილება შეუჩერდება.
პარლამენტის სხდომა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.