თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მუშაობას შეუდგა.
სხდომა, რომელსაც მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები ესწრებიან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.
პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში არიან შეკრებილი და სადეპუტატო მანდატებზე უარს საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით აფიქსირებენ.
ოპოზიციამ დღეს სამ დოკუმენტს მოაწერა ხელი:
პირველი დოკუმენტი არის მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.
მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და პარლამენტში შესვლაზე.
მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს თითოეული პარტიის პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით.
„ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილებაა პარლამენტში არშესვლა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ადამიანებმა, რომლებიც მეორე მხარეს იმყოფებიან, გააცნობიერონ რა რეალობაშია დღეს საქართველო. იმედი მაქვს, რომ ხვალ მოლაპარაკებების შესაძლებლობა გვექნება და მეორე მხარე უფრო რაციონალური, კონკრეტული წინადადებებით მოვა“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა ოთხმა პარტიამ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „მოქალაქეებმა“.
პარტია „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჯერჯერობით ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ისინი მმართველი პარტიის შემდგომ მოქმედებებს ელოდებიან.
„პატრიოტთა ალიანსი“, მართალია, აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს. ისინი ანალოგიური იურიდიული პროცედურების გავლას დამოუკიდებლად აპირებენ.
პარტია „გირჩში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩებიან.
„არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს ან, ზოგადად, ვინმეს სჭირდებოდეს ჩემგან იმის დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ. რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ პარლამენტში არ შევიდე, თუ რაიმე პოლიტიკური შეთანხმება არ შედგა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მე ამ პროცედურებს უბრალოდ გავივლი და დავამთავრებ", – განაცხადა „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
„რესპუბლიკური პარტიაც“, რომელიც პარლამენტში მოხვდა ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში, აცხადებს, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდება.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.